რა არის "რბილი ტანვარჯიში", ანუ "თაი ძი"?

მოძღვრებებს, რომლებიც გვასწავლიან ადამიანის გაჯანსაღების მეთოდებსა და ხერხებს, ათასწლოვენი ისტორია აქვს. მათ შორის, ე.წ. "რბილი ტანვარჯიში" დიდი ხანია, წამლური თერაპიის გვერდით, ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.

ადამიანის კუნთები, ძარღვები, სახსრები, ძვლები, ე.ი. მთელი სხეული ცხოვრების მანძილზე ცალმხრივ დატვირთვას განიცდის. ამის გამო, სიბერის მოახლოებისას ადამიანის სხეული უფრო ხისტი და ნაკლებმოძრავი ხდება. "რბილი ტანვარჯიში" კი ავითარებს ყველა კუნთს, სისხლძარღვებს, სახსრებს და ა.შ. და ადამიანს საშუალებას აძლევს სიბერეშიც შეინარჩუნოს მოქნილობა.

ალბათ შენიშნული გექნებათ, რომ ხანშიშესულებს უფრო ადრე ფეხები უსუსტდებათ (ხელჯოხსაც ამიტომ ხმარობენ). აღმოსავლელები ადამიანის ფეხებს ადარებენ ხის ფესვებს, რომელსაც აუცილებელია მივუმატოთ ძალა. ჩვენ სიარულისას თითქმის ყოველთვის პირდაპირ მივდივართ. ამ დროს ჩვენი ფეხები და ტერფები მთლიანად არ იტვირთება, "რბილი ტანვარჯიშის" ერთ-ერთი კანონია სიმძიმე ერთი ფეხიდან თანდათანობით გადავიტანოთ მეორეზე, და რამდენადაც შესაძლებელია ვაბრუნოთ, "ვგრიხოთ" ფეხები. ხანგრძლივი ვარჯიშის შემდეგ ისინი უფრო მძლავრნი და მოქნილნი გახდებიან.

როდესაც ადამიანი მოძრაობს, სისხლძარღვები ფართოვდებიან, უფრო კარგად ატარებენ სისხლს, ავადმყოფობა ვერ პოულობს ადამიანის ორგანიზმში "ფეხმოსაკიდ ნიადაგს". რბილი ტანვარჯიშის მიმდევარნი დაუღალავად ავარჯიშებენ ყველა სახსარს, წრიულად აქნევენ თავს, წელში იზნიქებიან და სხვა. ასეთი ვარჯიში, როგორც ითქვა, ადამიანს ეხმარება სიბერით გამოწვეულ ავადმყოფობებთან ბრძოლაში

დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად სუნთქვას. მსუბუქად სუნთქვის დროს ფილტვების ტევადობა მთლიანად არ გამოიყენება და ნახშირორჟანგის აირის ნაწილი ფილტვებში რჩება, რაც სისხლს აჭუჭყიანებს. ასეთი სისხლით კი ადამიანის ორგანოები ცუდად იკვებება, რის შედეგადაც ირღვევა გულის, ღვიძლის, ფილტვების და ა.შ. მოქმედება, ეცემა ორგანიზმის წინააღმდეგობა სხვადასხვა დაავადებების მიმართ.

"რბილ ტანვარჯიშში" გამოყენებულია "მუცლის არით სუნთქვა" დიაფრაგმის მეშვეობით. ამ დროს სუნთქვა "რბილდება", რაც ხელს უწყობს საჭმლის უკეთ მონელებას და სხვადასხვა სეკრეციების გაძლიერებულ გამოყოფას. "რბილი" ტანვარჯიშის ილეთების შესრულებისას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის განაწილებას: ზოგიერთი მოძრაობისას აუცილებელია ჩასუნთქვა, ზოგიერთისას კი - ამოსუნთქვა.

ბავშვობაში ალბათ თამაშისას გიცდიათ, რაც შეიძლება ხანგრძლივად შეგეჩერებინათ სუნთქვა. უნდა ითქვას, რომ სუნთქვის შეჩერება სინამდვილეში საბავშვო გასართობი კი არ არის, არამედ ვარჯიშის შესანიშნავი საშუალებაა. ამ დროს ადამიანის ორგანიზმი მავნე აირებისაგან თავისუფლდება. ოღონდ აქაც სიფრთხილეა საჭირო. სუნთქვის შეჩერება იმ დრომდე შეიძლება, ვიდრე გულისცემის სიხშირე მკვეთრად მოიმატებს (დაახლოებით 100-მდე). ამის შემდეგ სუნთქვის შეკავება არანაირ ეფექტს აღარ იძლევა.

ჩვენი სკოლა მოვარჯიშეს პირველ რიგში შესთავაზებს აღმოსავლური "რბილი ტანვარჯიშის", ანუ "თაი ძი"-ს ერთ-ერთ სერიას, რომელსაც "აბრეშუმის ძაფის ქსოვა" ჰქვია. ამ სერიის მოძრაობები ისეთი რბილი და აუჩქარებელია, თითქოს მართლაც ჭიის პარკიდან აბრეშუმის ძაფს წელავთ. ყოველი მკვეთრი მოძრაობა "ძაფის გაწყვეტას" ე.ი. ვარჯიშის ეფექტიანობის დარღვევას გამოიწვევს.

ვარჯიშის აუჩქარებლად შესრულების შემდეგ აუცილებელია სუნთქვის შეკვრა პულსის 9-12-ჯერ დარტყმის მანძილზე, შემდეგ კი ასევე ნელი მოძრაობით საწყის პოზიციაში დაბრუნება.

"რბილი ტანვარჯიშის" სუნთქვითი ვარჯიშების შესრულებამ ნელ-ნელა უნდა მოგვიყვანოს შემდეგ სამ საფეხურამდე: პირველი გულისხმობს ხანდაზმული, სნეულებადაყოლილი ადამიანის სხეულისა და აზრების გათავისუბლებას ავადმყოფობისაგან და მისი სუნთქვის გარდაქმნას. მეორე საფეხური გულისხმობს სუნთქვის გასუფთავებას, და სულიერად გაძლიერებას, მესამე - სულიერი სიძლიერით სიმშვიდის მოპოვებას. სამივე საფეხურის გავლის შემდეგ სნეულებაშეყრილი ხანდაზმული ადამიანი პრაქტიკულად ჯანმრთელია და სულიერი ძალით ივსება.

პირველ საფეხურზე მოვარჯიშემ ისე გულმოდგინედ უნდა შეისწავლოს ვარჯიშები, აგრეთვე მათი თანმიმდევრობა, რომ ისინი მისთვის ბუნებრივ მოძრაობებად იქცეს, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს სუნთქვითი ვარჯიშები. ყველა ვარჯიში ემსახურება ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ "დარბილებას", მოშვებას, რითაც მიიღწევა ვარჯიშის საბოლოო მიზანი - ადამიანი შეიძენს უმაღლეს სულიერ და ფიზიკურ სიმშვიდეს. ამის შემდეგ იწყება ვარჯიშის მესამე საფეხური, რომლის დროს ადამიანის მოქმედებას ხელმძღვანელობს გული - სხეულის ბატონი, როგორც ჩინელები ამბობენ. "რბილი ტანვარჯიშის" ყოველი მოძრაობა შეიძლება დაიბადოს გულში და გადაადგილდეს გონების საშუალებით. საერთოდ, აზროვნება არის ტანისა და გონების შემაკავშირებელი. ვარჯიშის დროს გონებას შეუძლია სხეულში გამოიწვიოს სხვადასხვა ფიზიოლოგიური ძვრები და ყველა მოძრაობა განმსჭვალოს ბუნებსათან შერწყმის სურვილით, რაც კოსმიურ წესრიგთან ზიარებას ნიშნავს. "რბილი ტანვარჯიშის" მიზანიც ეს არის.

თუ ვირწმუნებთ სხეულზე გონების ზემოქმედების შესაძლებლობას, შეგვიძლია დავუშვათ უკუზემოქმედებაც. თუ სწორ აზრს შეუძლია გაასწოროს ადამიანის შერყეული ჯანმრთელობა, თავად სწორი აზრებიც შეიძლება "წარმოქმნან". როგორც აღმოსავლელი ოსტატები ამბობენ: "ვასწორებ რა მოღუნულ წელს, ამით ვცვლი ჩემს მოქმედებას" ე.ი. ის, რაც ადამიანს წინათ აღიზიანებდა და ღლიდა, მასზე უკვე აღარ მოქმედებს. იგი უფრო მშვიდი და, წარმოიდგინეთ, უფრო გამჭრიახიც ხდება. ადამიანის შინაგანი სიმშვიდე და ორგანოთა შეწყობილი რიტმული მუშაობა - აი, "რბილი ტანვარჯიშის" ანუ "თაი ძი"-ს საბოლოო მიზანი. ასეთი ვარჯიშით ადამიანს შეუძლია დაძლიოს საკუთარი თავი, ავადმყოფობა, დიდხანს შეინარჩუნოს მხნეობა და სიცოცხლე გაიხანგრძლივოს.